ზარები

1

მარხილებზე ვაბამთ ზარებს
ვერცხლის ზარებს
სიხარულის გამეფებას რომ გვახარებს
ზამთარია, ღამით ცივა
წკრიალა ხმა გაისმის
თითქოს ვარსკვლავები ცვივა
და შხაპუნა მოდის წვიმა
ბროლისფერი ხალისით
თითქოს ხმას უწყობენ თვლას
რუნიული რითმის თვლას
რეკენ ზარებს და აბნევენ მელოდიურ ნიავქარებს
რეკენ ზარებს, ზარებს, ზარებს,
მხიარული ჟრიამული მოაქვთ ზარებს

2

რეკენ საქორწილო ზარებს
ოქროს ზარებს
სიყვარულის გამარჯვებას რომ გვახარებს
ვარდისფერი ხალისის
წკრიალება გაისმის
ოქროსფერი თაფლობა
ხმათა ტკბილი თანხმობა
საზეიმო ისმის ნაზი გალობა
ხეზე გვრიტი ახელს თვალებს სიხარულით უცქერს მთვარეს
რეკენ ზარებს ზარებს ზარებს
ჯადოსნური ხმა წკრიალა რითმებს ახვევს
ნაზხმიანს და მელოდიურ ნოტებს აფრქვევს
როგორ ჟღერს!
მაღლა ფრენს
გუნდი გალობს გატაცებით
მხიარული აღტაცებით
ლაღად ცეკვავს ნაზად რეკავს
რეკავს ზარებს ზარებს ზარებს
ზარებს ზარებს
ამღერებულ აჟღერებულ ოქროს ზარებს

3

საგანგაშოდ რეკენ ზარებს
მძიმე ზარებს
მათ ხამს შიში საშინელი ამღელვარებს
სმენას აკრთობს გნიასი
ზართა რია-რიასი
საზარელი ქუხილით
გვეუფლება წუხილი
ურევს თვლას
გუგუნებს და შეწყალებას ევედრება მძვინვარ ცეცხლს
დაცხრომისკენ მოუწოდებს ურჩ და დაუდეგარ ცეცხლს
ის კი ცისკენ მიიწევს
სასოწარკვეთილი გზნებით
დაუოკებელი ვნებით
შემოხვია ალის ფრთები
ფერმკრთალსა და მაშვრალ მთვარეს
რეკენ ზარებს ზარებს ზარებს
ცა და ხმელი ზანზარებს
შიში ზარებს რეკავს
გრუხუნებენ გრგვინავენ
დაჭრილივით გმინავენ
მკერდში შიში გულს მოიცავს ფეთქავს
ხანძარი რომ ჩაქრება
მინელდება ჟრიალი
მიჩუმდება გრიალი
საფრთხე ნელა მიილევა გაქრება
შორეთიდან ისევ ქარებს
მოაქვთ ზართა ზრიალი
ცეცხლის ალთა ბრიალი
ხმა ზუზუნით ეფინება მიდამოს და არემარეს
გული ისევ აუვსიათ შავი შიშის ნიაღვარებს
რეკენ ზარებს
ზარებს ზარებს ზარებს
ზარებს ზარებს
მობუბუნე მოდუდუნე მძიმე ზარებს

4

ისევ მესმის რეკენ ზარებს
რკინის ზარებს
კვლავ სევდიანი ფიქრები მოაქვთ ქარებს
ცეცხლი ისევ ჩახჩახებს
გული შიშით ცახცახებს
ნაღვლიანი ხმა იქადის ხარხარებს
იცინის
ხანაც მისი ყველა ბგერაა
არის ყელში ჟანგის ჟღერა
ქვითინი
სამრეკლოსთან მოდის ხალხი
ბნელში შემოსილნი თალხით
ისინი
დგანან რეკენ რეკენ რეკენ
და აფრქვევენ დახშულ ხმებს
იციან რომ აგორებენ
შიშის ზვავს და გულზე ქვებს
არ არიან გიჟები, ან მთვრალები
არც ბავშვები, კაცები, ან ქალები
ზარებს რეკენ ალები
მათი მეფეც დგას და რეკავს
დაკუნტრუშობს დახტის
ცეკვავს
შემოკრავენ რკინის ზარებს
ცეკვავს დახტის ღრიალებს
შემოკრავენ მძიმე ზარებს
გული შიშით ფრთხიალებს
თითქოს ხმას უწყობენ თვლას
რუნიული რითმის თვლას
აკვნესებენ რეკენ ზარებს
ზარებს ზარებს
რეკენ გლოვის მძიმე ზარებს
თითქოს ხმას უწყობენ თვლას
არწევენ და რეკენ ზარებს
რკინის ზარებს ზარებს ზარებს
ზარებს ზარებს
ატირებენ აყვირებენ რკინის ზარებს
.

Hosted by uCoz