ჯორჯ გორდონ ბაირონი

მე ისევ ვნატრობ

მე ისევ ვნატრობ სიყრმის დღეებს
და ცისკენ მავალ მაღალ მთებს,
კვლავ დავირბენდი უღრან ტყეებს
და სალამს შევძახებდი მთებს.
მე ამაყ საქსონიურ წრეებს,
ვარიდებ გულს და გრძნობებს ჩემს,
მე ველტვი სიპ და გოროზ კლდეებს,
ზედ მკერდზე, ზღვა რომ ზვირთებს სცემს

მე ბედს მრავალჯერ ვეტყვი არას,
დიდ სახელების აღარ მწამს,
მონების გვერდით ყოფნა კმარა,
მათ ხელთა შეხებაც კი, მძაგს
მე წავალ იქ, სად კლდეზე ტალღა
იმსხვრევა ქუხს და აკრთობს მზეს
იქ სადაც შევძლებ გავყვე ლაღად
ჩემს ბავშვურ ოცნებათა გზებს

ჯერც ახალგაზრდას ძლიერ მწამს, რომ
ამ მზისქვეშეთში არ მაქვს წილი.
ვგრძნობ, სულთა განსვენების ჟამს რომ
იდუმალების ფარავს ჩრდილი.
მე ზღაპრულ ხიბლით ვიყავ მთვრალი,
მეზმანა ჯადოსნური რამ.
მზემ სიმართლისა მომჭრა თვალი
და გამაღვიძა ხალხის ხმამ.

წავიდა, გაქრა, სიყვარული,
არც მეგობარი მიბამს მხარს
და თითქოს არც კი ფეთქავს გული
და უიმედოდ ველი ხსნას.
ქეიფში ღვინით სავსე ჯამით
ვეძლევი ლხენას სნეული,
თუ სულს სიამე ატკბობს წამით
ვარ გულით მარად ეული.

არც მეგობრობა მსურს, არც მტრობა
ვინც ფულით, რანგით, ჩინით, ჩანს
მათ სულიერი ძმობის გრძნობა
სწამთ მხოლოდ ზეიმობის ჟამს.
მაშ, დამიბრუნეთ სიყრმის ძმები,
ვის მკერდშიც გული ლაღად ძგერს,
დავაცხროთ ზარზეიმის ხმები და
და შევხაროდეთ მზიან დღეს.

და ის ქალიც კი, ვინაც მარად
ნუგეში ჩემი იყო თითქოს
დაისის ცის და ვარდის დარად
ღიმილით გულს მეAაღარ მითბობს.
მე უფიქრელად ვთმობ და ვტოვებ
ყველაფერს ბედით მერგო რაც,
თუ ტრფობის სიმყუდროვეს ვპოვებ
მიჯნურთ რომ აქვთ, ან იქნებ არც.

მე გავურბივარ სინამდვილეს,
რადგანაც კაცთა მოდგმა მძულს,
დავეძებ კლდეში შეჭრილ მღვიმეს,
იქ, ბნელში, შვებით ვიგრძნობ სულს
და თუ ეს ნატვრა, ფრთებად მექცა,
გავცდები მიწას, ღრუბელს, ცას
შევერწყმი უსასრულო ზეცას
და მარადის იქ ვპოვებ ხსნას.

Hosted by uCoz