1984 ჯორჯ ორუელი
პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური რომანი
თარგმანი:ზვიად მუსელიანის
ნაწილი პირველი
თავი 1
იდგა აპრილის ნათელი და ცივი დღე, საათმა ცამეტჯერ დარეკა, უინსტონ სმიტს, იმ იმედით, რომ სუსხიანი ქარისგან თავს დაიცავდა, ნიკაპი მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი, იგი სწრაფად შევარდა საცხოვრებელ სახლ "გამარჯვებას" მინის კარებში, თუმცა მას უკან მაინც მიჰყვა მარცვლოვანი მტვრის საკმაოდ დიდი ხვეული.
შემოსასვლელში მოხარშული კომბოსტოს და ძველი ნაჭრების სუნი იდგა. დარბაზის ბოლოში ეკიდა ამ შენობისთვის ზედმეტად დიდი, ფერადი პლაკატი, მასზე გამოხატული იყო უზარმაზარი სახე, ერთ მეტრზე უფრო ფართე, დაახლოებით 45 წლის, სქელი შავი ულვაშებით, თუმცა საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი. უინსტონი კიბისკენ გაემართა, ლიფტის მოცდას მაინც არ ჰქონდა აზრი. კარგ ამინდებშიც ხომ, იგი იშვიათად მუშაობდა, ასეთ სიცივეში კი, ელექტრო დენს ეკონომიის მიზნით, დღისითაც ხშირად თიშავდნენ. მითუმეტეს სიძულვილის კვირეულის მოსამზადებელ პერიოდში. მისი ბინა შვიდი კიბის ზემოთ იყო და 39 წლის უინსტონი, რომელსაც მარჯვენა ტერფზე ძარღვის წყლული ჰქონდა. კიბეზე ნელა-ნელა სვენებ-სვენებით ადიოდა. ყოველ სართულზე ლიფტის კარების პირისპირ პლაკატიდან იგივე სახე იყურებოდა. სურათი შესრულებული იყო ისეთნაირად, რომ საითაც არ უნდა გაბრუნებულიყავი მისი თვალები ყოველთვის მოგდევდნენ.
უფროსი ძმა გითვალთვალებს
ეწერა პორტრეტის ქვემოთ.
ოთახის შიგნიდან რაღაც ხმა მშვიდად საუბრობდა თუჯის წარმოების შესახებ. ეს ხმა გამოდიოდა მარჯვენა მხარის კედელში ჩადგმული ლითონის ფირფიტიდან, რომელიც დაბინდულ სარკეს წააგავდა. უინსტონმა გადამრთველი გადასწია, ხმა მინელდა მაგრამ სიტყვების გარჩევა მაინც შეიძლებოდა. ეს მოწყობილობა (სახელწოდებით ტელეეკრანი) შეიძლებოდა ჩაგებნელებინა, მაგრამ მისი მთლიანად გამორთვა შეუძლებელი იყო. ის ფანჯარასთან მივიდა: დაბალი, მიბნედილი, მისი სხეულის სისუსტეს კიდევ უფრო აშკარად აჩენდა ლურჯი კომბინიზონი, რომელიც პარტიულ ფორმას წარმოადგენდა. მას ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა, სახის ცოცხალი გამომეტყველება, სახის კანზე აღბეჭდილი უხეში საპნის და ბლაგვი სამართებლის კვალი და ცივი ზამთრის სუსხი, რომელიც ეს ეს არის მიილია.
მაშინაც კი, როცა დარაბები დახურული იყო იგრძნობოდა, რომ გარეთ ძალიან ციოდა. ქუჩაში ქროდა და მტვერში არეულ ქაღალდის ნაგლეჯებს სპირალივით ახვევდა. მზიანი დღე იდგა ცაც მკვეთრად ლურჯი იყო, მაგრამ ყველაფერი თითქოს მაინც უფერული ჩანდა, გარდა იმ პლაკატებისა, რომლებიც ყველგან ეკრა. ყოველი მხრიდან იცქირებოდა შავულვაშა სახე. წინა ბინის კედელზეც ეწერა. უფროსი ძმა გითვალთვალებს, შავი თვალები კი, უინსტონის თვალების სიღრმეში იცქირებოდნენ. გარეთ ქუჩაში ეკიდა კიდევ ერთი პლაკატი, ცალ გვერდზე ჩამოხეული, იგი ქარში ფრიალებდა. ხან გამოჩნდებოდა და ხან იმალებოდა ერთადერთი წარწერა: ინგსოცი. ოდნავ მოშორებით შვეულმფრენი სახურავებს შორის დაფრინავდა, გაჩერდა ერთწამს როგორც ლეშის ბუზი, მარყუჟისებრი მოძრაობით ისევ მოუხვია და გაფრინდა. ეს პოლიციის პატრული იყო საცხოვრებლების ფანჯრებში იყურებოდნენ. მაგრამ პატრული კიდევ ბევრი არაფერი, მთვარი იყო აზრების პოლიცია.
უინსტონის ზურგს უკნიდან ტელეეკრანის ხმა ისევ რაღაცას ბოდავა თუჯის წარმოების და მეცხრე სამწლედის გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. ტელეეკრანი მუშაობდა ორმხრივ კავშირზე. ყველა ბგერა რომელსაც უინსტონი გამოსცემდა, ძალიან ჩუმი ჩურჩულის გარდა, გადაიცემოდა, უფრო მეტიც სანამ იგი იმყოფებოდა ამ ლითონის ფირფიტის მხედველობის არეში, მას არამარტო უსმენდნენ, არამედ ხედავდნენ კიდეც. რათქმაუნდა ვერაფრით ვერ მიხვდებოდი კონკრეტულ მომენტში გიყურებენ ისინი, თუ არა, ან, თუ როგორ ხშირად, ან რა განრიგით ერთვებოდა შენს კაბელზე აზრების პოლიცია, ამის შესახებ შეიძლებოდა მხოლოდ ვარაუდი. არ იყო გამორიცხული, რომ უთვალთვალებდნენ ყველას და ყოველთვის. ყოველ შემთხვევისთვის მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უნდა გეცხოვრა და შენც ცხოვრობდი, მიჩვევიდან ინსტინქტად იქცეოდა, ფიქრი იმაზე, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამ, ისმინება და ყოველთვის სანამ ოთახში შუქი ანთია, გითვალთვალებენ.
უინსტონი ტელეეკრანისკენ ზურგით იდგა. ასე უფრო საიმედოდ იყო; თუმცა როგორც მან იცოდა ზურგმაც შეიძლება გაგყიდოს. ერთი კილომეტრის მოშორებით, შავბენელი ქალაქის თავზე აღმართულიყო სიმართლის სამინისტროს თეთრი შენობა, ეს იყო მისი სამუშაო ადგილი. ეს, _ ღრმა ზიზღით ფიქრობდა უინსტონი - არის ლონდონი, პირველი ასაფრენი ხაზის მთავარი ქალაქი, მოსახლეობის სიმრავლით, მესამე პროვინცია ოკეანეთის სახელმწიფოში. ის ცდილობდა გაეღვიძებინა ბავშვობის მოგონებები, რითაც გაიგებდა, იყო თუ არა ლონდონი ყოველთვის ასეთი. იყო თუ არა, ყოველთვის ეს ძირმომპალი მეცხრამეტე საუკუნის შენობების მწკრივები, ხის ბოძებით გამაგრებული, კარდონაფარებული ფანჯრებით და თუნუქის სახურავებით. ყოველი მიმართულებით გავრცელებული ველური ბაღის კედლები. დაბომბილი ადგილები, ჰაერში ავარდნილი ცემენტის მტვერი და ბალახით დაფარული მიწაყრილები; დანგრეული და დაფლეთილი სახლები საქათმეებივით გადაქიაქებული. მაგრამ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა მას აღარაფერი ახსოვდა: არაფერი ახსენდებოდა მისი ბავშვობიდან, მხოლოდ განათებული სცენების ფრაგმენტები, რომლების მიღმაც არაფერი ჩანდა და არც რაიმე შთაბეჭდილებებს ტოვებდა
სიმართლის სამინისტრო, ანუ ახალენურად სიმსამინო, (ახალენური იყო ოკეანეთის ოფიციალური ენა) აშკარად გამოირჩეოდა ყველა დანარჩენი შენობისგან, რომელიც მის ირგვლივ მოჩანდა. ეს იყო უზარმაზარი პირამიდისებური ნაგებობა, თეთრი პრიალა დუღაბისგან, მაღლა აწვდილი, ტერასებად დაყოფილი, სამასი მეტრის სიმაღლის. იმ ადგილიდან სადაც უინსტონი იდგა შესაძელბელი იყო წაგეკითხათ ლამაზი ასოებით შენობაზე წაწერილი, სამი პარტიული ლოზუნგი:
ომი არის მშვიდობა
თავისუფლება არის მონობა
უმეცრება არის ძალა
ამბობდნენ, რომ სიმართლის სამინისტრო შედგებოდა მიწისზედა სამიათასი ოთახისგან და შესაბამისი მიწისქვეშა სისტემებისაგან. ლონდონის მიდამოებში იდგა კიდევ სამი ამავე ფორმის და ზომის შენობა. ისინი სიმაღლით ისე აღემატებოდნენ სხვა შენობებს, რომ "გამარჯვების" სახურავიდან ოთხივე კარგად მოჩანდა. ამ შენობებში იყო განთავსებული ოთხი სამინისტრო, რომლებშიც განაწილებული იყო მთელი სამთავრობო აპარატი. სიმართლის სამინისტრო, რომელიც განაგებდა ახალი ამბების, გართობის, განათლების და ხელოვნების საქმეს. მშვიდობის სამინისტრო, რომელიც განაგებდა საომარ საქმეებს. სიყვარულის სამინისტრო, რომელიც მეთვალყურეობდა კანონიერებას და წესრიგს, ხოლო კეთილდღეობის სამინისტრო, პასუხს აგებდა ეკონომიკის საქმეებზე. მათი სახელები, ახალენურად: სიმსამინო, მშვიდსამინო, სიყსამინო და კეთსამინო.
სიყვარულის სამინისტროს შენობა მართლაც საშინელი შესახედაობის რამ იყო. მას საერთოდ არ ჰქონდა ფანჯრები. უინსტონი არ იყო ნამყოფი სიყვარულის სამნისტროს შენობის შიგნით და არც ნახევარი კილომეტრის სიახლოვეს. იქ არ შეიძლებოდა შესვლა თუკი რამე ოფიციალური საქმე არ გქონდა, მაშინაც კი, უნდა გაგევლო ეკლიანი მავთულხლართების ლაბირინთები, შენიღბული ტყვიამფრქვევის ბუდეების გასწვრივ და რამდენიმე ფოლადის კარები. ქუჩაზეც კი, რომელიც გარეთა დამცავი ღობისკენ მიდიოდა პატრულირებდნენ შავ ფორმებში ჩაცმული, გადაბმული ხელკეტებით შეიარაღებული, გორილას სახიანი მცველები.
უინსტონი მკვეთრად შემობრუნდა. მან საკუთარ სახეს მშვიდი ოპტიმიზმის გამომეტყველება მიანიჭა, როგორც საჭირო იყო როდესაც ტელეეკრანისკენ ბრუნდებოდი. მან გადაკვეთა ოთახი და პატარა სამზარეულოში შევიდა. მან ადრე დატოვა სამინისტროს შენობა რის გამოც სასადილოში წახემსება ვეღარ შეძლო და ისიც იცოდა, რომ სამზარეულოში არაფერი იყო საჭმელი გარდა შავი პურის ნატეხისა, რომელიც მეორე დღის საუზმისთვის ჰქონდა შენახული. მან თაროდან უფერული სითხით სავსე ბოთლი ჩამოიღო რომლის ეტიკეტზეც თეთრი ასოებით ეწერა "გამარჯვების ჯინი". მას საშინელი, ზეთოვანი სუნი ჰქონდა, როგორც ჩინურ ბრინჯის არაყს. უინსტონმა თითქმის გაავსო ჩაის ჭიქა, ძალა მოიკრიბა დარტყმისთვის და ერთიანად გადაკრა როგორც წამალი.
მას სახე უმალვე გაუწითლდა და თვალებიდან წყალი წამოუვიდა. სასმელი ძალიან ჰგავდა აზოტმჟავას და უფრო მეტიც, დალევის შემდეგ ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, რომ თითქოს ვიღაცამ ზურგზე რეზინის ხელკეტი გადაგაღუნა. თუმცა მალე, კუჭის წვა ნელ-ნელა შეუჩერდა და მისთვის სამყარო ახლა უფრო მხიარული ჩანდა. მან დაჭყლეტილი კოლოფიდან ამოიღო სიგარეტი, რომელსაც ეწერა: "გამარჯვების სიგარეტი" და გაუფრთხილებლობით იგი ვერტიკალურად დაიჭირა რის შედეგადაც თამბაქო მთლიანად იატაკზე დაცვივდა. შემდეგ ღერს უფრო ყურადღებით მოეპყრო. ის დაბრუნდა ოთახში და პატარა მაგიდას მიუჯდა, რომელიც ტელეეკრანის მარცხნივ იდგა. მაგიდის უჯრიდან მან გამოალაგა საწერკალამი, სამელნე და სქელი რვეული რომელსაც პრიალა წითელი ყდა ჰქონდა.
მის ოთახში ტელეეკრანი რატომღაც უჩვეულო ადგილას იდგა. იმის ნაცვლად, რომ როგორც წესია ოთახის ბოლოში მდგარიყო, საიდანაც მთელი ოთახი მოჩანდა, ის ჩადგმული იყო გრძელ კედელში ფანჯრის პირისპირ. მის ერთ მხარეს კედელი ოდნავ შეღრმავებული იყო, ალბათ წიგნის თაროებისთვის. სწორედ იქ იჯდა ახლა უინსტონი. ამ ადგილზე, თუკი საკმაოდ უკან მიიწევდა, უინსტონი ტელეეკრანის მხედველობის გარეთ რჩებოდა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა მისი მოსმენა, მაგრამ სანამ აქ იჯდა, მისი დანახვა შეუძლებელი იყო. სწორედ ოთახის ამ უჩვეულო დაგეგმარებამ უბიძგა, იმ საქმის კეთება, რასაც ახლა ის აპირებდა.
ასეთივე როლი ითამაშა, იმ რვეულმა, რომელიც ახლახანს უჯრიდან გამოიღო. ეს იყო საოცრად ლამაზად აკინძული ჩანაწერების წიგნი. მისი პრიალა ქაღალდი, დროისგან ოდნავ გაყვითლებული, ეტყობოდა, რომ დამზადებული იყო სადღაც ორმოცი წლის წინათ. თუმცა ის ეჭვობდა, რომ ეს რვეული გაცილებით უფრო დიდი ხნის იყო. მან ის იპოვნა ძველი ნივთების მაღაზიაში, ლონდონის ერთერთ მიყრუებულ გარეუბანში (თუმცა რომელში უკვე აღარ ახსოვდა) იგი მაშინვე შეიპყრო დიდმა სურვილმა, რომ ეყიდა ეს რვეული. პარტიის წევრებს ეკრძალებოდათ უბრალო მაღაზიებში სიარული (რასაც ეწოდებოდა "შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე"), მაგრამ ამ კანონს ბევრი არ იცავდა, რადგან ძალიან ბევრი რამ, როგორიცაა მაგალითად ფეხსაცმლის ზონარი, ან კიდევ სამართებელი, სხვაგან ძნელი საშოვნი იყო. მან უცებ მიმოიხედა, შევარდა მაღაზიაში და იყიდა ეს რვეული ორნახევარ დოლარად. იმ დროს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა. მან ის თავისი ხელჩანთით, სახლში ქურდულად მიიტანა. იმ დროსაც კი, როცა მასში არაფერი ეწერა ეს მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული კოპრომატი იყო.
ახლა კი, ის აპირებდა, რომ დაეწყო დღიურის წერა. ასეთი რამ არ იყო აკრძალული (არაფერი არ იყო აკრძალული, მას შემდეგ რაც კანონი საერთოდ აღარ არსებობდა), მაგრამ თუკი რვეულს უპოვნიდნენ ამის გამო შეიძლება სიკვდილითაც დაესაჯათ, უკეთეს შემთხვევაში ოცდახუთი წელი მძიმე შრომითი კატორღა არ ასცდებოდა. უინსტონმა საწერკალამი ააწყო და გამოწუწნა, სანამ მელანი არ გამოვიდოდა. საწერკალამი არქაული დროის იყო. მას ხელმოწერებისთვისაც იშვიათად იყენებდნენ, მან იგი ძლივს იშოვა. როგორც ის ფიქრობდა ეს ლამაზი და პრიალა ქაღალდი იმსახურებდა იმას, რომ მასზე დაეწერათ არა უხეში ფანქრით, არამედ ნორმალური მელნის კალმით. ის არც იყო მიჩვეული ხელით წერას. გარდა სულ მცირე ჩანაწერებისა, ჩვეულებრივ იგი ტექსტს კარნახობდა რაც ამჟამად მას ნამდვილად არ გამოადგებოდა. მან კალამი მელანში ჩაყო და წამიერად შეყოვნდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ქაღალდზე კალმით შეხება გამოუსწორებელი ქმედება იქნებოდა, პატარა, ულამაზო ასოებით მან დაწერა:
4 აპრილი, 1984.
შემდეგ ისევ დაჯდა. მას სრული უმწეობის შეგრძნება დაეუფლა. დასაწყისისთვის მან არც კი იცოდა, მართლა 1984 წელი იყო თუ არა, დაახლოებით მაინც დაწერა. რადგან იგი კარგად იყო დარწმუნებული, რომ 39 წლის იყო და ისიც სჯეროდა, რომ დაიბადა 1944-ში, თუ 1945-ში; მაგრამ ახლა არცერთი თარიღის დადგენა არ შეიძლება ერთი, ან ორი წლის ცდომილების გარეშე.
ან საერთოდ ვისთვის? უეცრად მას სრული გაოცება დაეუფლა, ვისთვის უნდა დაწერილიყო ეს დღიური? მომავლისთვის? მათთვის ვინც ჯერ არ დაბადებულა? ერთხანს მისი ფიქრები ქაღალდზე დაწერილ საეჭვო თარიღს დასტრიალებდენენ და უცებ გადაეყარა ახალენურ სიტყვას ორაზროვნული. ამ დროს მას პირველად გაეხსნა მნიშვნელობა იმისა, თუ რასაც აკეთებდა. როგორ უნდა ესაუბრო მომავალს? ეს ხომ ბუნების კანონებით შეუძლებელია. ან, იქნებ მომავალი აწმყოს მსგავსი იქნება და საერთოდ არც კი მოუსმენს მას. ანდა, იგი განსხვავებული იქნება და მისი გაფრთხილებები საერთოდ მნიშვნელობას იქნება მოკლებული.
ერთხანს ის იჯდა და ფურცელს სულელივით მისჩერებოდა. ტელეეკრანიდან მძაფრი სამხედრო მუსიკა ისმოდა. უცნაურია, მაგრამ მან არა მარტო დაკარგა გამოხატვის უნარი, არამედ აღმოჩნდა, რომ საერთოდ დავიწყნოდა თუ რისი თქმა უნდოდა. კვირების მანძილზე იგი ემზადებოდა ამ წუთისთვის და მას არც ეგონა, რომ ამ საქმისთვის გამბედაობის გარდა კიდევ რამე დასჭირდებოდა. მხოლოდ წერა ძნელი არ უნდა ყოფილიყო. ყველაფერი რაც მას უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ გადაეტანა ქაღალდზე უსაზღვროდ მშფოთვარე მონოლოგი, რომელიც მის გონებას წლების მანძილზე არ ასვენებდა. თუმცა, ამ მომენტში, ეს მონოლოგიც კი გამქრალიყო. უფრო მეტიც, წყლული აუტანლად სწვავდა. ის ვერ ბედავდა, რომ ტერფი მოეფხანა, ეს უარესი იყო, ამ დროს ანთება ეწყებოდა, წამები მირბოდნენ. ის აღიქვამდა მხოლოდ მის წინაშე ქაღალდის ცარიელ ფურცელს, ტერფზე კანის ქავილს, სამხედრო მუსიკის გრუხუნს და ჯინისგან გამოწვეულ მსუბუქ სიმთვრალეს.
და უეცრად მან თავზარდაცემულივით დაიწყო წერა, კარგად არც კი ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა სიტყვებს წერდა ქაღალდზე. აღმა-დაღმა მოეფინა მისი ვიწრო, ბავშვის ნაწერივით მოუქნელი ასოები. ნაწერში ჯერ პირველი დიდი ასოები იკარგებოდა ბოლოს კი, წერტილებიც კი:
4 აპრილი, 1984. წუხელის კინოთეატრში. ფილმები მხოლოდ ომის თემაზე. ერთი ძალიან კარგი იყო, იმის შესახებ, თუ სადღაც ხმელთაშუა ზღვაში როგორ ბომბავენ გემს, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავს. მაყურებელი ძალიან გაერთო, ერთი ძალიან მსუქანი კაცის ცქერით, რომელიც ცურვით ცდილობდა შვეულმფრენს გაქცეოდა, იგი, ჯერ წყალში დელფინივით ყურყუმალაობს, შემდეგ კი, მოჩანს შვეულმფრენის სამიზნეში, შემდეგ, იგი დაცხრილულია და ზღვა მის ირგვლივ ვარდისფრად იღებება, იგი ჩაიძირა ისე მალე თითქოს ნატყვიარებში წყალი შეუვიდა, ამ დროს კი, მაყურებელი ახარხარდა. შემდეგ მოჩანს ბავშვებით სავსე ნავი, რომელსაც თავს შვეულმფრენი დასტრიალებს. მოჩანს შუახნის ქალი, რომელიც შეხედულობით ებრაელს ჰგავს, იგი ნავში ზის და ხელში სამიოდე წლის ბიჭუნა უკავია. პატარა, შიშისგან ყვირის და თავს დედამისის მკერდში მალავს, შიშისგან გალურჯებული ქალი ბავშვს ხელებს მაგრად უჭერს, თითქოს იმ ფიქრით, რომ მის ხელებს ბავშვის ტყვიებისგან დაცვა შეუძლიათ. შემდეგ შვეულმფრენიდან 20 კილოგრამიან ბომბას აგდებენ, საშინელი აფეთქება და ნავი ნაფოტებად იქცა. ამას მოჰყვა შესანიშნავი კადრი, ბავშვის ხელი მაღლა ჰაერში ავარდა, შვეულმფრენი რომელსაც ნიკაპზე კამერა უყენია მას მიჰყვება. ამ დროს პარტიულების ადგილებიდან ტაშის ხმა გაისმა, მაგრამ ვიღაც ქალმა პროლების ადგილიდან ყვირილი მორთო, რომ მათ ასეთი რამე არ უნდა აჩვენონ, როცა დარბაზში ამდენი ბავშვია. შემდეგ კი, იგი პოლიციამ გარეთ გაიყვანა. არა მგონია მას ამის გამო რამე უქნან, პროლების აზრი არავის ადარდებს. ეს ტიპიური პროლური რეაქციაა.
უინსტონმა წერა შეწყვიტა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ხელი დაუბუჟდა. მან არ იცოდა თუ რამ აიძულა გადაეტანა ქაღალდზე ეს ბოდვა. მაგრამ უცნაური შეგრძნება, სანამ ის წერდა სრულიად განსხვავებული მოგონებები გაიხსნა მის გონებაში, მას ამის ჩაწერა თუნდაც ახლავე შეეძლო. ის ხვდებოდა, რომ ეს გამოწვეული იყო, იმ შემთხვევის გამო რის შემდეგაც მან მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ წამოსულიყო სახლში და დღესვე დაეწყო დღიურის წერა.
ეს ამბავი დილით სამინისტროში მოხდა, თუკი ასეთი გაურკვევლობის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოხდა.
თერთმეტი საათი სრულდებოდა და ჩანაწერების განყოფილებაში, სადაც უინსტონი მუშაობდა, თანამშრომლები დერეფნის ცენტრში გამოვიდნენ და ტელეეკრანის წინ სკამების დაწყობა დაიწყეს, ისინი სიძულვილის ორი წუთისთვის ემზადებოდნენ. როცა უინსტონი აპირებდა დაეკავებინა ადგილი შუა რიგში, უეცრად ოთახში შემოვიდა ორი ადამიანი რომლებსაც ის შორიდან იცნობდა და მათთან არასოდეს ჰქონდა ნასაუბრები. ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა გოგო, რომელსაც იგი ხშირად გასასვლელში ხვდებოდა. მან არ იცოდა მისი სახელი, მაგრამ იცოდა, რომ იგი მუშაობდა ლიტერატურის განყოფილებაში. იმის მიხედვით, რომ მას იგი ბევრჯერ ენახა, ზეთიანი ხელებით და ქანჩ-გასაღებით, ეტყობოდა, რომ მას რაღაც მექანიკური სამუშაო ჰქონდა რომანების მბეჭდავ მანქანებთან. შეხედულობით ძალიან აგრესიული გოგო იყო, დაახლოებით 27 წლისა იქნებოდა სქელი თმა, ჭორფლიანი სახე და მოქნილი ათლეტური მოძრაობები. ვიწრო ალისფერი ლენტა, ახალგაზრდათა ანტი-სქესობრივი ლიგის ემბლემით, რამდენჯერმე ჰქონდა შემოხვეული წელზე, ისე იყო მოჭერილი, რომ ხაზგასმით აღნიშნავდა მის უფორმო თეძოებს. უინსტონს იგი პირველი ნახვისთანავე არ მოეწონა. მან იცოდა ამის მიზეზი. მას ჰოკეის მოედნის, ცივი აბაზანის, ტურისტული ლაშქრობების და საერთოდ მართლმორწმუნეთა სუნი დაჰყვებოდა. მას თითქმის არცერთი ქალი არ მოსწონდა განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები და ლამაზები. სწორედ ასეთები უმეტეს შემთხვევაში, იყვნენ პარტიის ყველაზე უფრო ფანატიკური მიმდევრები, ლოზუნგების მყლაპავები, მოხალისე შპიონები და ერეტიკოსთა მაძიებლები. მაგრამ ამ გოგოს ეტყობოდა, რომ სხვებზე მეტად საშიში უნდა ყოფილიყო. ერთხელ როდესაც გასასვლელში ერთმანეთს გვერდი აუარეს მან ისე ალმაცერად შემოხედა, რომ მისმა მზერამ თითქოს მთლიანად სხეულში გასჭვალა და რაღაც შავი შიშის გრძნობით აავსო. მას უცებ გაუელვა აზრმა, რომ ეს გოგო შეიძლებოდა ყოფილიყო აზრების პოლიციის აგენტი. რაც ნაკლებად სავარაუდო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა ის ყოველთვის გრძნობდა საოცარ სიმძიმეს, რომელიც გაზავებული იყო შიშის და მტრობის შეგრძნებებით, როდესაც ის გოგო ახლოს იმყოფებოდა.
მეორე, ვინც შემოვიდა იყო მამაკაცი სახელად ო ბრაინი, შიდა პარტიის წევრი რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი და დაფარული თანამდებობა ეკავა, რომ უინსტონს მის შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. სკამების ირგვლივ შეკრებილ ხალხში შავკომბინიზონიანი შიდა პარტიის წევრის გამოჩენამ წამიერი მდუმარება გამოიწვია. ო ბრაინი იყო მაღალი ტანის, ჩაფსკვნილი, სქელი კისერით და უხეში, ცხოველურად დამცინავი სახით. მიუხედავად თავისი შიშისმომგვრელი გარეგნობისა, მანერები მართლაც მომხიბვლელი ჰქონდა. მას ჰქონდა ჩვევა, რომ გაესწორებინა სათვალეები ცხვირზე, რომელიც განაიარაღებდა მას რაღაც აუწერელი დოზით, საოცრად ინტელიგენტურად. ამ ჟესტის დანახვით, თუკი ვინმე მოგაგონდებოდათ, ეს იყო მეთვრამეტე საუკუნის აზნაური, რომელიც თავაზიანი მანერით თამბაქოს გთავაზობდათ. ამ წლების განმავლობაში უინსტონს ო ბრაინი მრავალჯერ ენახა. ის ღრმად განიცდიდა მისკენ მისწრაფებას და არა მარტო იმიტომ, რომ იგი საინტერესო იყო მისი, ქალაქური მანერების და მოკრივეს ფსიქიკის კონტრასტულობით. უფრო მეტად ეს იმის გამო იყო, რომ უინსტონს გულის სიღრმეში სჯეროდა, ან იქნებ, კი არ სჯეროდა, არამედ იმედოვნებდა, რომ ო ბრაინი პოლიტიკურად არ უნდა ყოფილიყო სრულიად მართლმორწმუნე. მის სახის გამომეტყველებაში რაღაც უცილობლად მიანიშნებდა ამაზე. ან, კიდევ, ეს ყველაფერი იქნებ არც იყო არამართლმორწმუნეობა არამედ მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ ჭკუა-გონება. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ის მაინც ჰგავდა იმ ადამიანს რომელთანაც შეიძლებოდა დალაპარაკება, თუკი როგორმე ტელეეკრანის მიღმა დაიმარტოხელებდა. უინსტონს ჯერ არასოდეს უცდია მისი ამ მიხვედრის შემოწმება: მართლაც, არც ყოფილა ამის საშუალება. ამ მომენტში ო ბრაინმა საათზე დაიხედა, დაინახა, რომ უკვე 11 საათი სრულდებოდა და გადაწყვიტა, რომ სიძულვილის ორი წუთისთვის ჩანაწერების განყოფილებაში დარჩენილიყო. მან დაიკავა ადგილი იმავე რიგში რომელშიც უინსტონი იჯდა, ოღონდ რამდენიმე ადგილის იქით. მათ შორის იჯდა პატარა წითურა ქალი, რომელიც უინსტონის გვერდით ოთახში მუშაობდა. შავთმიანი გოგო მათ უკან იჯდა.
მაშინვე ტელეეკრანიდან გამოვარდა რაღაც საზარელი ხმა, თითქოს სატვირთო მანქანა დაუზეთავი ძრავით ხმამაღლა გრუხუნებდა. ამ საზარელმა ხმამ მთელი ოთახი აავსო. ამ ხმისგან ხალხს კბილები უკაწკაწებდათ და თმები ყალყზე უდგებოდათ: სიძულვილი დაიწყო.
როგორც ყოველთვის ტელეეკრანზე გაიელვა ხალხის მტრის, ემანუელ გოლდშტეინის სახემ, მაყურებლებს შორის სისინის ხმა გაისმა. პატარა წითურა ქალი აწიწინდა და ზიზღნარევი შიშის გრძნობით აყვირდა. გოლდშტეინი იყო მოღალატე და ერეტიკოსი, რომელიც ერთდროს, დიდი ხნის წინათ (თუ რამდენი ხნის წინ არავის ნორმალურად არ ახსოვდა), იყო პარტიის ერთერთი წამყვანი ფიგურა, თითქმის იმავე დონის როგორიც თავად უფროსი ძმა, შემდეგ კი, მან წამოიწყო კონტრრევოლუცია, ამისთვის მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რის შემდეგაც საიდუმლო ვითარებაში გაიქცა და მიიმალა. სიძულვილის ორი წუთის პროგრამა ყოველდღიურად იცვლებოდა, მაგრამ გოლდშტეინი ყოველ მათგანში უცვლელად ფიგურირებდა. ის იყო პირველი მოღალატე და პარტიის სიწმინდის შემბღალავი. ყოველი შემდგომი დანაშაული პარტიის წინააღმდეგ ყველა მზაკვრობა საბოტაჟი, ერესი და განდგომილება მისი სწავლებიდან მომდინარეობდა. სადღაც შორს იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გეგმავდა თავის შეთქმულებებს. სადღაც ზღვის გადაღმა, მისი უცხოელი სპონსორების მფარველობის ქვეშ, ან კიდევ როგორც ხალხში ხმები დადიოდა აქვე ოკეანეთში, კონსპირაციულად ცხოვრობდა.
უინსტონს უკვე სუნთქვა უჭირდა. გოლდშტეინის სახის დანახვა მასში ყოველთვის უცნაური ტკივილის გრძნობას იწვევდა. გამხდარი სემიტური სახე, ჭაღარა თმების სქელი ორეოლის შიგნით, მოკლე, თხასავით წვერი და ფიქრიანი სახე, ამასთანავე რაღაცით არასასიამოვნო და რაღაც მოხუცი კაცის სიბრიყვით სავსე. გრძელი და თხელი ცხვირი, რომლის ბოლოშიც სათვალეები ეკიდა. ის სახითაც და ხმითაც თხას წააგავდა. გოლდშტეინმა პარტიის დოქტრინებზე გააფთრებით დაიწყო თავდასხმა, თანაც ისე უაზრო და არაობიექტურად, რომ ასეთი რამით ბავშვიც არ მოტყუვდებოდა, ამავე დროს, იმდენად დამაჯერებელი ტონით, რომ ბევრს ეშინოდა, რომ ვინმე სხვას, ნაკლებად გონიერს, შეიძლებოდა ეს ყველაფერი დაეჯერებინა. ის ლანძღავდა უფროს ძმას, ამხელდა პარტიის დიქტატორულ მეთოდებს, ის მოითხოვდა ევრაზიასთან დაუყოვნებლივ მშვიდობის გამოცხადებას, სიტყვის, პრესის, შეკრებების და აზროვნების თავისუფლებას, ის ისტერიულად ყვიროდა იმის შესახებ, რომ რევოლუციას უღალატეს. სწრაფი მეტყველებით და შეერთებული სიტყვებით, რაც პარტიის ორატორებისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო, თანაც შეიცავდა ახალენურ სიტყვებს: გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით ვიდრე ნებისმიერეი პარტიის წევრი იყენებს რეალურ ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმისთვის, რომ გოლდშტეინის ღალატში არავის ეჭვი არ შეეტანა, მისი თავის უკან ტელეეკრანზე აჩვენებდნენ ევრაზიელ ჯარისკაცთა სამწყობრო მარშებს. მჭიდრო რიგებად და აზიური სახებით, რომლებიც მოქროდნენ ეკრანის ზედაპირისკენ და მაშინვე ქრებოდნენ, რათა მათი ადგილი სხვა ზუსტად ისეთივე სახეს დაეკავებინა. ჯარისკაცთა ჩექმების ყრუ და რიტმიული თქარუნი გოლდშტეინის ბღავილა ხმას ფონად ედო.
ჯერ სიძულვილის ნახევარი წუთიც კი, არ იყო გასული, რომ ოთახში მყოფი ხალხის ნახევარმა უკვე უწესრიგო წამოძახილები და შეცხადება დაიწყეს. თვითკმაყოფილი თხასავით სახე, ეკრანზე და ევრაზიული ჯარის შიშისმომგვრელი სიძლიერე, მათ აზროვნებას ზღუდავდა: გარდა ამისა გოლდშტეინის დანახვა ან თუნდაც ფიქრი მის შესახებ ავტომატურად იწვევდა შიშს და შფოთს. ის იყო სიძულვილის ობიექტი, გაცილებით უფრო მუდმივი ვიდრე ევრაზია, ან ოსტაზია, როდესაც ოკეანეთი ებმებოდა ომში ერთ-ერთ ძალასთან, ამ დროს იგი ჩვეულებრივ, მეორესთან მშვიდობას ამყარებდა. მაგრამ რაც ყველაზე უცნაური იყო, მიუხედავად იმისა რომ გოლდშტეინი ყველას სძულდა, ყოველ დღე და თანაც დღეში მრავალჯერ, რკინიგზის ბაქნებზე, ტელეეკრანიდან, გაზეთებში, წიგნებში, მის თეორიებს, უარყოფდნენ, ამხელდნენ და აცამტვერებდნენ, სადაც მთავარი ყურადღება მიქცეული იყო მის საცოდავ ბოდვებზე. მიუხედავად ყველაფერ ამისა, მისი გავლენა თითქოს არასოდეს კლებულობდა. ყოველთვის ჩნდებოდნენ ახალი ბრიყვები რომლებსაც იგი გზიდან აცდენდა. დღე არ გავიდოდა, რომ აზრების პოლიციას არ დაეკავებინა შპიონები და დივერსანტები. ის ხელმძღვანელობდა მრავალრიცხოვან ფარულ არმიას და იატაკქვეშა შეთქმულთა ქსელს, რომლის მიზანი იყო არსებული ხელისუფლების დამხობა. ითვლებოდა, რომ მათი სახელწოდება იყო _ საძმო. ასევე ჩურჩულით დადიოდა ხმები, რომ არსებობდა სახელმძღვანელო, საშინელი წიგნი, რომელშიც თავმოყრილი იყო ყველა ერესი, რომლის ავტორიც იყო თვითონ გოლდშტეინი და ეს წიგნი არალეგალურად ვრცელდებოდა. ამ წიგნს არ ჰქონდა სათაური. თუკი საერთოდ გაბედავდნენ, ამ წიგნს მოიხსენიებდნენ უბრალოდ როგორც წიგნი, მაგრამ ამ წიგნის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ ბუნდოვნად. პარტიის წვვრები ცდილობდნენ, რომ საძმოს და წიგნის შესახებ საერთოდ არ ელაპარაკათ, ამ თემას ყოველთვის ერიდებოდნენ.
მეორე წუთის დაწყებისას, შიში უკვე მღელვარებაში გადაიზარდა. ხალხი სკამებიდან ხტებოდა და მთელი ხმით ყვიროდა, რათა ჩაეხშოთ ეს ჭკუიდან შემშლელი ბღავილი, რომელიც ტელეეკრანიდან გამოდიოდა. პატარა წითურა ქალს ახლა სახეც გაუწითლდა, იგი პირს ნაპირზე ამოვარდნილი თევზივით აღებდა და მუწავდა. ო ბრაინსაც კი, მძიმე სახე ალისფერი გაუხდა. ის სკამზე გამართული იჯდა, მისი მძლავრი მკერდი მაღლა იწეოდა და თრთოდა თითქოს ტალღის მოქცევის შესახვედრად მიიწევდა. უინსტონის უკან მჯდარმა შავთმიანმა გოგომ ყვირილი დაიწყო ‘დამპალო! დამპალო! დამპალო!’ შემდეგ, მან აიღო მძიმე ახალენურის ლექსიკონი და ეკრანისკენ ისროლა. ის გოლდშტეინს ცხვირში მოხვდა და უკანვე გადმოვარდა; მაგრამ ხმა მაინც შეუფერხებლად აგრძელებდა. რომელიღაც მომენტში უინსტონმა აღმოაჩინა, რომ ისიც სხვებისავით ყვიროდა და სკამის სახელურზე აბრახუნებდა. ყველაზე უფრო საშინელი, სიძულვილის ორ წუთში იყო არა ის, რომ ეს ყველაფერი უნდა გეთამაშა, არამედ, ის, რომ არ შეგეძლო ეს ყველაფერი გულთან არ მიგეტანა. სულ რაღაც 30 წამი და უკვე აღარ იყო საჭირო არაფრის გათამაშება. იდუმალი ექსტაზი, შიშის და შურისძიების, სურვილი იმისა, რომ მოკლა, აწამო, სახე უროთი გაუხეთქო, ხალხს როგორც ელექტრო დენის ტალღა ისე მოედო, ხალხი ერთმანეთს ემანჭებოდა, გიჟებივით ყვიროდნენ. ამავე დროს, ეს მრისხანება იყო აბსტრაქტული, უმისამართო ემოცია, რომელიც ერთი ობიექტიდან მეორეზე ისევე ირთვეობდა როგორც პროჟექტორის სხივი. ისე მოხდა, რომ წამიერად აღმოჩნდა, რომ უინსტონის სიძულვილი სულაც არ იყო მიმართული გოლდშტეინისკენ არამედ პირიქით, უფროსი ძმისკენ, პარტიის და აზრების პოლიციისკენ; და ამ დროს ის მთელი გულით ემხრობოდა მარტოსულ, უარყოფილ ერეტიკოსს, რომელიც ეკრანზე მოჩანდა, სიმართლის და საღი აზრის ერთადერთ მცველს, ამ სიცრუის ქვეყანაში. ხოლო ერთი წამის შემდეგ კი, ის იმათ მხარეზე იყო, ვინც მის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ყველაფერი რასაც მის მიმართ ამბობდნენ სიმართლედ მიაჩნდა. მაშინ მისი ფარული ზიზღი უფროსი ძმის მიმართ ღრმა პატივისცემად იქცეოდა და უფროსი ძმა ჩნდებოდა, როგორც უხილავი, უშიშარი დამცველი, რომელიც კლდესავით აღიმართა აზიელ დამპყრობელთა ურდოების წინაშე და გოლდშტეინი მიუხედავად მისი განდეგილობისა მისი უმწეობისა და იმ ეჭვისა, რომელიც მის საერთოდ არსებობას შეეხება, მოჩანდა როგორც ბოროტი ჯადოქარი, რომელსაც მარტო საკუთარი ხმის ძალით შეეძლო მოესპო მთელი კაცობრიობა.
ხანდახან ისეც შეიძლებოდა, რომ საკუთარი სიძულვილი ერთი ობიექტიდან მეორეზე ხელოვნურად გადაგერთოთ. უეცრად, ნებისყოფის რაღაც საშინელი ძალების დაძაბვის შედეგად, როგორც სასთუმალიდან წამოწევს ხოლმე თავს საშინელი სიზმრით შეშინებული ადამიანი, უინსტონმა მოახერხა თავისი სიძულვილი, ეკრანზე გამოსახული სახიდან, გადაერთი იმ შავთმიან გოგოზე, რომელიც მის უკან იჯდა. მის გონებაში სიცოცხლით სავსე ლამაზი ჰალუცინციები აელვარდნენ. დიდი სიამოვნებით გადაუჭერდა რეზინის ხელკეტს. შიშველს ბოძზე მიაბამდა და ისრებით დაცხრილავდა როგორც წმინდა სებასტიანს. გააუპატიურებდა და აღგზნების უმაღლეს მომენტში ყელს გამოჭრიდა. ახლა მას უწინდელზე უკეთესად ესმოდა თუ რატომ, საიდან გაჩნდა ასეთი სიძულვილი. მას იგი სძულდა იმიტომ, რომ იყო ახალგაზრდა, ლამაზი და უსქესო არსება, იმიტომ, რომ მას უნდოდა, რომ იგი საწოლში ჩაეწვინა მაგრამ ვერასდროს ამას ვერ ეღირსებოდა, იმისათვის, რომ მის ნაზ და თხელ წელზე, რომელიც ასე გამომწვევად ითხოვდა ხელის მოხვევას, მას ეს, აგრესიული უმანკოების სიმბოლოთი გაფორმებული ალისფერი სახვევი ეკეთა.
სიძულვილი უმაღლეს წერტილს მიუახლოვდა. გოლდშტეინის ხმა უკვე ნამდვილი თხის ბღავილით შეიცვალა და წამიერად მისი სახის ნაცვლადაც თხა გამოჩნდა. შემდეგ კი, თხის სახე ევრაზიელი მეომრის აგრესიული და საშიში სახით შეიცვალა, ის მოდიოდა, ავტომატიდან ისროდა და გეგონებოდათ ეკრანიდან აპირებსო გადმოხტომას, ამ კადრის დროს, წინა რიგებში ხალხმა შიშისგან უკან მიიწია. მაგრამ მაშინვე ყველამ შვებით ამოისუნთქა, მტრის ფიგურა გაქრა და მის ადგილას უფროსი ძმა გამოჩნდა, შავთმიანი, შავულვაშა, ძლევამოსილი და საოცრად მშვიდი, მისი გამოსახულება იმდენად დიდი იყო, რომ ეკრანი მთლიანად დაფარა. არავის ესმოდა თუ რას ამბობდა უფროსი ძმა. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით გაამხნევა ისინი, რაღაც იმდაგვარი რასაც ბრძოლის გრუხუნში წარმოთქვამენ მხედართმთავრები, ცალკეული სიტყვების გაურჩევლად ისინი გმატებენ რწმენას და ძალებს მხოლოდ იმითი, რომ ხმა გაიგონე. უფროსი ძმის სახე ისევ გაქრა, მის ნაცვლად კი, დარჩა მსხვილი ასოებით წაწერილი, პარტიის სამი დევიზი:
ომი არის მშვიდობა
თავისუფლება არის მონობა
უმეცრება არის ძალა
უფროსი ძმის სახე კი, ეკრანზე კიდევ რამდენიმე წამს მოჩანდა, ისე ძლიერი იყო მის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება, რომ მისი გამოსახულება თვალებში უმალვე არ გამქრალა. პატარა წითურა თმიანი ქალი ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო. აკანკალებული ხმით ბუტბუტებდა რაღაცას თითქოს ‘ჩემო მხსნელო!’ მან ხელები ეკრანისკენ გაიწოდა. შემდეგ კი, სახე ხელებში ჩარგო. აშკარად ეტყობოდა, რომ იგი ლოცულობდა.
ამ დროს ყველამ ერთად წამოიწყო ღრმა ნელი და რიტმიული ბგერების გამოცემა ‘უ-ძ!...უ-ძ!’-ისევ და ისევ, ძალიან ნელა, პირველ და მეორე ‘ძ’ ს შორის ხანგრძლივ პაუზას აკეთებდნენ და მეორე ხმაც გაისმა, მიყრუებული, საოცრად ველური, რომლის ფონზეც შეიძლებოდა შიშველი ფეხების ტყაპუნის და ტამტამების ხმის გარჩევა. ასე დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ კი. გაისმა მისამღერი, რომელიც უდიდეს ემოციების გამოხატავდა. ნაწილობრივ ეს იყო ჰიმნი, რომელიც უფროსი ძმის სიბრძნესა და სიდიადეს ეძღვნებოდა, მაგრამ უფრო მეტად ეს იყო თვითჰიპნოზის აქტი, რიტმიული ხმაურის მეშვეობით ცნობიერების გეგმაზომიერი ჩახშობა. უინსტონი გრძნობდა, რომ მთელი სხეული გაუცივდა. სიძულვილის ორი წუთის მანძილზე მას არ შეეძლო, რომ არ გაეზიარებინა ეს საყოველთაო სიგიჟე, მაგრამ ეს არაადამიანური ხმები ‘უ-ძ!...უ-ძ!’ მას ყოველთვის შიშს ჰგვრიდნენ. რა თქმა უნდა ისიც სსვებთან ერთად გაიძახოდა, სხვანაირად არც შეიძლებოდა. გრძნობების შენიღბვა, სახის მიმიკების მართვა, სხვების მიბაძვა, ეს მისი ინსტიქტური რეაქცია იყო. მაგრამ. იყო მომენტი, ორიოდე წამის მანძილზე როდესაც მისი თვალების გამოხედვას შეიძლებოდა გაეცათ იგი. ზუსტად ამ დროს მოხდა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, თუკი რა თქმა უნდა, მართლა მოხდა.
წამიერად მას ო ბრაინის მზერა შეხვდა. ო ბრაინი უკვე ფეხზე იდგა. მას სათვალეები მოხსნილი ჰქონდა და სწორედ ახლა ისწორებდა მას ცხვირის ბოლოზე თავისებური მანერით. მაგრამ რაღაც დროის მანძილზე მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ამ წამის განმავლობაში უინსტონი მიხვდა; - მართლაც! მან უკვე იცოდა, რომ ის და ო ბრაინი ერთ რამეს ფიქრობდნენ. მოწოდებული იყო შეუცდომელი ცნობა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ თითქოს ორი გონება გაიხსნა და აზრები ერთიდან მეორეში თვალების მეშვეობით გადაიცემოდა. ‘მე შენთან ვარ,’ თითქოს ამას ეუბნებოდა ო ბრაინი. ‘მე ზუსტად ვიცი, შენ რაზეც ფიქრობ. ყველაფერი ვიცი შენი ზიზღის და სიძულვილის შესახებ. მაგრამ, ნუ წუხხარ, მე შენს მხარეზე ვარ!’ ამის შემდეგ აზრების ნაპერწკალი გაქრა და ო ბრაინის სახე ისეთივე გაუცხოებული გახდა როგორიც ყველა სხვისი.
ეს იყო და ეს, უინსტონს უკვე აღარც სჯეროდა რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. ასეთ მოვლენებს არასოდეს ჰქონიათ გაგრძელება. ყველაფერი რასაც ისინი აკეთებდნენ იყო ის, რომ თავიანთ თავში ინახავდნენ რწმენას ან იმედს, რომ მათ გარდა პარტიას კიდევ ჰყავს მტრები. იქნებ ხმები ფართო იატაკქვეშა ქსელის შესახებ, სიმართლეა და იქნებ საძმო ნამდვილად არსებობს! ეს შეუძლებელი იყო, მიუხედავად დაუსრულებელი დაპატიმრებებისა მონანიებებისა და სამსჯავროებისა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ საძმო მხოლოდ მითი არ უნდა ყოფილიყო. მას ერთხანს სჯეროდა ამის შესახებ, შემდეგ კი, არა. არ არსებობდა მტკიცება, მხოლოდ ცალი თვალით დანახული, რაც ბევრს არაფერს ნიშნავდა: მოსმენილი საუბრების ნაწყვეტები, გადაშლილი წარწერები საპირფარეშოს კედლებზე, ერთხელაც როცა მის წინაშე ორი უცნობი შეხვდა ერთმანეთს, მან შეამჩნია ხელის მოკლე მოძრაობა, რომელიც შეიძლებოდა ამოსაცნობი სიგნალი ყოფილიყო. ეს ყველაფერი მაინც ვარაუდის დონეზე რჩებოდა: შეიძლებოდა ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ის ისე დაბრუნდა თავის სამუშაო ოთახში, რომ ო ბრაინისთვის აღარ შეუხედავს. ის არ ფიქრობდა კონტაქტის რაიმე სახით გაგრძელებას. ეს წარმოუდგენლად სახიფათო იყო, კიდევაც, რომ სცოდნოდა თუ როგორ შეიძლებოდა მასთან მიდგომა. წამიერად, ან იქნებ ორ წამს, ისინი ერთმანეთს ბუნდოვან მზერას უცვლიდნენ სულ ეს იყო და ეს. მაგრამ ესეც კი, დასამახსოვრებელი მოვლენა იყო, იმ ჩაკეტილ მარტოობაში, რომელშიც თითოეულ მათგანს უხდებოდა ცხოვრება.
უინსტონი წამოიწია, გაიმართა და უცებ დააბოყინა. კუჭში ალბათ ჯინი ფეთქავდა.
მისი თვალები ისევ ფურცელს მისჩერებოდნენ. აღმოჩნდა, რომ სანამ ის ასე უმწეოდ დათრგუნული იჯდა ხელი თავისით, ავტომატურად წერდა მაგრამ ეს უკვე აღარ იყო უშნო დაჯღაბნილი ნაწერი, როგორც მანამდე. ამჯერად, მისი კალამი სინატიფით დაქროდა პრიალა ქაღალდზე და მსხვილი მთავრული ასოებით გამოჰყავდა-
ძირს უფროსი ძმა!
ძირს უფროსი ძმა!
ძირს უფროსი ძმა!
ძირს უფროსი ძმა!
ძირს უფროსი ძმა!
ისევ და ისევ იგივე, მთელი ფურცელი აავსო.
იგი პანიკურმა შიშმა მოიცვა. თუმცა რა აზრი ჰქონდა? ამ სიტყვების დაწერა არა ნაკლებ სახიფათო იყო, ვიდრე საერთოდ დღიურში ჩანაწერის გაკეთება და ერთხანს იგი ცდუნებამ შეიპყრო, რომ დაეხია გაფუჭებული გვერდები და თავი მიენებებინა ამ წამოწყებისათვის.
თუმცა ის ასე არ მოიქცა, მან იცოდა, რომ ესეც აბსურდი იყო. არავითარი სხვაობა არ არის დაწერს იგი ამ მოწოდებას, თუ არა ან, გააკეთებს საერთოდ ჩანაწერს, თუ არა. აზრების პოლიცია მას მაინც იპოვნის. მან ეს უკვე ჩაიდინა, კალმით ფურცელს კიდევაც რომ არ შეხებოდა, უკვე ჩადენილი ჰქონდა არსებითი დანაშაული, რომელიც თავის თავში ყველაფერ დანარჩენს შეიცავდა. აზრდანაშაული, ასე ეძახდნენ ამას. აზრდანაშაულის დიდხანს დამალვა კი, შეუძლებელი იყო. შეიძლებოდა ერთ ხანს დაგემალა, წლების მანძილზედაც კი, მაგრამ ადრე თუ გვიან ისინი მაინც გიპოვნიდნენ.
დაპატიმრება ყოველთვის ღამით ხდებოდა. უეცრად, მძინარეს შეგანჯღრევდნენ, თვალებში ფანარს მოგანათებდნენ, საწოლის ირგვლივ სასტიკი სახეების წრე. უმეტეს შემთხვევებში სასამართლოს გარეშე, არც დაპატიმრების შესახებ ცნობა. ხალხი უბრალოდ ქრებოდნენ, ყოველთვის ღამ-ღამობით. სახელი სიებიდან ქრებოდა, იშლებოდა ყოველგვარი ჩანაწერი იმის შესახებ თუ როდის რას აკეთებდი, ადამიანის არსებობას უარყოფდნენ და ივიწყებდნენ, იგი ხდებოდი გაუქმებული, განადგურებული, "აორთქლება" ასე ეძახდნენ ამ საქმეს.
ერთხანს ის უცნაურმა ისტერიამ შეიპყრო. მან სწრაფად დაიწყო წერა დაბრეცილი ასოებით:
"ისინი მესვრიან, არ მაინტერესებს, კეფაში მესვრიან, არ მაინტერესებს, ძირს უფროსი ძმა! ისინი ყოველთვის კეფაში ისვრიან, არ მაინტერესებს, ძირს უფროსი ძმა!--"
ის, ისევ თავის სკამზე დაჯდა, ცოტათი კიდევაც რცხვენოდა საკუთარი თავის, მან კალამი დაბლა დადო და მაშინვე მთელი ტანით აცახცახდა. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
უკვე! ის თაგივით გაისუსა ის ამაოდ იმედოვნებდა, რომ თუ არ გააგონებდა და კარს არ გააღებდა ისინი წავიდოდნენ. მაგრამ არა, კაკუნი განმეორდა. ყველაზე ცუდი რამ ახლა შეყოვნება იქნებოდა. მისი გული დოლივით სცემდა, მაგრამ მისი სახე, ხანგრძლივი მიჩვევის შედეგად, ალბათ ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე იყო. ის ადგა და მძიმე ნაბიჯებით კარებისკენ წავიდა.
Hosted by uCoz